Share:

თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად „კარფურში“ იმყოფებოდა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პროექტი, რომლითაც ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ასაკოვან ადამიანებს დაეხმარებიან. დედაქალაქის მერმა Facebook-ზე ჩართვისას განაცხადა, რომ ამ მიზნით ისინი უკვე „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ იმყოფებოდნენ. დღეს კი აქცია კარფურში ტარდება. მისივე თქმით, „კარფურში“ წარმოდგენილია პროდუქტები, რომლებიც მოქალაეებს შეუძლიათ გაჭირვებული ადამიანებისთვის შეიძინონ. წითელი ჯვრის მოხალისეები კი მოქალაქეებს ამ პროექტის შესახებ აუხსნიან. პროდუქტებს სოციალურად დაუცველებსა და ასაკოვნებს სახლში მოხალისეები და გამგეობის თანამშრომლები მიუტანენ. „მინდა გითხრათ, რომ „კარფურმა“ 150 ოჯახისთვის გაამზადა პროდუქტების პაკეტები. გაკეთებულია პროდუქტერის ნუსხა, რომელიც მოთავსდება პაკეტებში. აუცილებელი არ არის ყველა ეს პროდუქტი იყოს შეძენილი ერთი მოქალაქის მიერ. ვისაც რა საშუალება აქვს, იმის მიხედვით შეუძლია გააკეთოს შემოწირულობა“, – განაცხადა მერმა. ამასთან, ილია ელოშვილის თქმით, უკვე 1500-მდე პაკეტი შეგროვდა და ოჯახებში მათი მიტანა დაიწყეს. პაკეტებში საკვები და ჰიგიენური საშუალებებია მოთავსებული. მერმა შემოწირულობებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. საქართველოში კორონავირუსი 98 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4978 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266 პაციენტი რჩება. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

WordPress Cookie Notice by Real Cookie Banner